logo
ENG



"ოცნების" წევრი ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტზე: საზოგადოების დაკვეთაა

24 დეკ 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტის ინიცირება საზოგადოების დაკვეთაა. ასე ის ფორმულასთან ინტერვიუში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციის შემზღუდავ კანონს არ ემხრობა და იმედი გამოთქვა, რომ მიღებამდე გადაიხედება.

მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ მისთვის მინიჭებული მანდატით უნდა ისარგებლოს და პარლამენტში შევიდეს.

"ამ კანონპროექტის ინიცირება გამოწვეულია საზოგადოების დაკვეთიდან და იმ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რომელიც ჩვენ გვავალდებულებს, რომ საზოგადოების ინტერესებში ვიმოქმედოთ და პარტიებმა, რომლებმაც, მოიპოვეს მანდატი, უნდა ისარგებლონ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, შემოვიდნენ პარლამენტში და მხოლოდ ეს უნდა იყოს საფუძველი იმისთვის, რომ მათ მიიღონ შესაბამისი დაფინანსება", - ამბობს მიქანაძე.

მისი განცხადებით, არჩევნები არ გაყალბებულა და ოპოზიციას ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის საფუძველი არ აქვს. გარდა ამისა, მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობა მიიღოს.

"ჩვენ არ გვაქვს იმის დროს, რომ ველოდოთ ოპოზიციას, როდის მოიფიქრებენ, რომ მეტი პასუსისმგებლობით მოეკიდონ, თუმცა ამავდროულად ჩვენ სრული გვაქვს მზაობა გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში, რომ როგორც კი ჩაინიშნება მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, ჩავერთოთ და გავაგრძელოთ ამ პროცესში მონაწილეობა", - აღნიშნა მიქანაძემ.

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გიორგი თარგამაძის ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ არ ეთანხმება ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს.


close დახურვა